logo
ENG



"ვერცხლისწყალი და დარიშხანი" - სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

02 დეკ 202221:05
3 წუთის საკითხავი
 
"ვერცხლისწყალი და დარიშხანი" - სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

დევიდ სმიტი ამერიკელი ექიმია, მისი სპეციალიზაცია დამოკიდებულების მედიცინა და ფსიქო-ფარმაკოლოგიური წამლებზე დამოკიდებულებაა. სმიტს აქვს ამერიკის მედიკოსთა საბჭოს (ABMS) მიერ აღიარებული კვალიფიკაცია კლინიკურ ტოქსიკოლოგიასა და დამოკიდებულების მედიცინაში. ის ამჟამად კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში ამავე მიმართულებით მუშაობს.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.

1. ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით, ტესტირებებმა ცხადჰყო, რომ სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში აღმოაჩინეს მძიმე მეტალების და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი. სმიტის აზრით,  სამედიცინო მკურნალობის საშუალებით ამ ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა შეუძლებელია.

„ჩემი ექსპერტული აზრით, ჩემს ტოქსიკოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობით, გარკვეული სამედიცინო დარწმუნებულობით შეიძლება ითქვას, რომ იმ პათოლოგიური სიმპტომებიდან ბევრი, რაც მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია“ - წერია დასკვნაში. 

სმიტის თქმით, ეს მძიმე მეტალები სააკაშვილს სამედიცინო დანიშნულებით არ მიუღია და მათი ორგანიზმში მოხვედრა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, მედიკოსი აცხადებს, რომ ამ ტოქსიკური აგენტები სააკაშვილის ორგანიზმში არსებობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი მის ორგანიზმში საქართველოში დაპატიმრების შემდეგ მოხვდა.

2. ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის დანიშნულ წამლებს შორის ბევრია ისეთი, რომლებიც არაა დანიშნული მკაფიოდ გამოხატული სიმპტომებისთვის სამკურნალოდ, მაგალითად ასეთია ფსიქოაქტიური ნივთიერება ფენიბუტი და ოპიოდები.

სმიტის თქმით, წამლების დანიშვნისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე მედიკამენტის მიღება ერთდროულად ხდება, მედიკოსებს ევალებათ, დანიშნონ სწორი წამალი, სწორი დოზით და სწორი ხანგრძლივობისთვის და მათი მიღება პაციენტმა გონივრულ დროს უნდა შეწყვიტოს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ექიმმა შაჰენ ლაკანმა საქართველოში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ პოლიფარმაცია დაადგინა - დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების ჭარბი, არამიზნობრივი გამოყენება.

“ჩემი ექსპერტული აზრია, რომ რამდენიმე წამლის ერთობლივი დანიშვნა დადასტურებული სიმპტომების არსებობის გარეშე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ფაილებში იკვეთება, საშიში გვერდითი მოვლენებისა და დამოკიდებულების სერიოზულ რისკებს აჩენს. მე ასევე აღვნიშნავ, რომ ფენიბუტი არის წამალი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გახანგრძლივებული პერიოდში წამლების მოხსნის სინდრომი (withdrawal)" - წერია სმიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სმიტი აცხადებს, რომ მისი ექსპერტული აზრით, სააკაშვილისთვის განსაზღვრული მედიკამენტების რეჟიმი წამლების გადაჭარბების შემთხვევაა და ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მავნე გამოყენება, როგორიც ფენიბუტია, ასევე ოპიოდების არასწორი გამოყენება სააკაშვილის ავადმყოფობისა და სიკვდილის რისკებს ზრდის.

3. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ ოფიციალური მონაცემებისა და სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ის დაპატიმრების შემდეგ 14 სხვადასხვა მედიკამენტს იღებდა. წამლებიდან რამდენიმე, მათ შორის ფენიბუტიც, არაა მიღებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (FDA).

სმიტის დასკვნის მიხედვით, პოლიფარმაცია, რომელიც ამ 14 წამლის დანიშვნის შედეგია, იწვევს დისფუნქციას, მათ შორის თეთრი ნივთიერების შემცირებას ტვინის პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც ტვინში აღმასრულებელ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი. ექსპერტის აზრით, ტვინის ადეკვატური აღდგენისთვის ამ წამლებისგან დეტოქსიკაციაა საჭირო.

"პაციენტს სჭირდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანა სამედიცინო შეფასებისთვის და მძიმე მეტალებისა და ბოროტად გამოყენებული წამლებისგან, როგორიცაა ფენიბუტი, დეტოქსიკაციისთვის.“

დასკვნის ბოლოს სმიტი აცხადებს, რომ აშშ-ში გადაყვანის შემთხვევაში, სააკაშვილი, მისი აზრით, ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობას მიიღებს.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მოინახულეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარეს. როდის იქნება დასკვნა, ჯერჯერობით უცნობია.

გამომძიებელი მესამე პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ისაუბრა.

ექსპერტიზის დანიშვნას ადვოკატები მოახლოებულ სასამართლო პროცესებს უკავშირებენ. სააკაშვილის ინტერესების დამცველთა თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჯერ კიდევ 8 თვის წინ უნდა ჩაეტარებინა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიება დაიწყეს. ახლა მხარე ექსპერტიზაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების ჩართვას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. სწორედ, მას ეკუთვნის ე.წ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ ამ ეპიზოდზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. განაჩენი სტრასბურგის სასამართლოშიც გასაჩივრდა. მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობის მიუხედავად მხარე ამ შუამდგომლობის დაყენებას პროცესზე არ გეგმავს.

ადვოკატი შალვა ხაჭაპური განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების მოთხოვნით, გაიწელება დრო, რომელიც არ აქვთ.

პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა. 

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა


close დახურვა